როზა ბაგლანოვა 100

2022 წლის 1 იანვარს 100 წელი შესრულდა სსრკ-ს, ყაზახეთისა და ყირგიზეთის სახალხო არტისტის, მსოფლიოში ცნობილი მომღერლის როზა ბაგლანოვას დაბადებიდან.

როზა ბაგლანოვას ცხოვრება და შემოქმედება ხალხისადმი თავდაუზოგავი მსახურების, სცენისადმი თავდადებისა და მაყურებლისადმი უსაზღვრო პატივისცემის მაგალითია.

მომღერალმა თავისი შრომითი მოღვაწეობა დაიწყო უზბეკეთის სსრ-ს უზბეკეთის ფილარმონიის სიმღერისა და ცეკვის ქალთა სახელმწიფო ანსამბლში, შემდეგ ის მოსკოვის კონსერვატორიაში გაგზავნეს, თუმცა მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, ანსამბლთან ერთად, ის ფრონტზე წავიდა. ბრიგადის შემადგენლობაში ყოფნისას, ის წითელი არმიის ჯარისკაცების წინაშე გამოდიოდა ფრონტის ხაზზე: მღეროდა მიწურებში, რკინიგზის სადგურებზე, ტანკებსა და თვითმფრინავის ფრთებზე. დიდი სამამულო ომის დროს როზა ბაგლანოვა არამარტო უმაღლებდა ჯარისკაცებს საბრძოლო სულისკვეთებას თავისი შემოქმედებით, არამედ მან საკუთარი გმირული მხარეც გამოავლინა და მეომრების ბრძოლის ველიდან გაყვანაში ეხმარებოდა.

1945 წლის 9 მაისს რ.ბაგლანოვამ მონაწილეობა მიიღო ბერლინში გამართულ გამარჯვების კონცერტში. თავისი საგმირო საქმეებისთვის მომღერალს მრავალი სამხედრო ჯილდო გადაეცა, რომლებიდანაც ის განსაკუთრებით აფასებდა 2 მედალს, რომლებიც მას მარშალმა ი.კონევმა და კ.როკოსსოვსკიმ გადასცეს.

როზა ბაგლანოვას „სავიზიტო ბარათად“ იქცა სიმღერა „აჰ სამარა ქალაქო“ ლიდია რუსლანოვას რეპერტუარიდან, რომელსაც თავად მოეწონა სიმღერის შესრულება მაშინდელი დამწყები მომღერლის მიერ.

ომის შემდეგ სცენაზე დაბრუნებული როზა ბაგლანოვა გახდა პირველი ყაზახი მომღერალი, რომელმაც სახალხო აღიარება მოიპოვა სსრკ-ში. როზა ბაგლანოვას რეპერტუარში შედის მსოფლიო საოპერო ხელოვნების ნაწარმოებები, სხვადასხვა ქვეყნის ხალხური სიმღერები და თანამედროვე კომპოზიტორების სიმღერები.

როზა ბაგლანოვა მთელი ეპოქის ეროვნული სიმბოლოა: ის ერთ სცენაზე იდგა ა.ვერტინსკისთან, გ.ულანოვასთან, მ.პლისეცკაიასთან, ი.ილიინსკისთან, ა.რაიკინთან, ს.რიხტერთან, დ.შაფრანთან. მომღერალი კონცერტებს მართავდა პოლონეთში, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, უნგრეთში, ავსტრიაში, ჩეხოსლოვაკიაში, ჩინეთში, კორეაში, ინდოეთში, ბირმაში, კანადაში, შვედეთში, ბელგიაში და ა.შ.

ასევე, როზა ბაგლანოვა გამოდიოდა ბევრი მაღალი რანგის ადამიანის წინაშე: სტალინის, კიმ ირ სენის, მაო ძედუნის, ჩაიბოლსონის, ნერუს, ინდირა განდის, ხრუშჩოვის, ბრეჟნევისა და მრავალი სახელმწიფოს მეთაურის წინაშე. ასე მაგალითად, კორეის სახალხო რესპუბლიკაში სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობით ყოფნისას, კიმ ირ სენმა სპეციალურად გამოყო თავისი თვითმფრინავი როზა ბაგლანოვასთვის და ის 10 დღის განმავლობაში გასტროლებს ატარებდა რესპუბლიკის ფარგლებში.

ინდოეთში მომღერალი ჯავაჰარლალ ნერუსთან იყო მიღებაზე, სადაც ის ინდირასა და რაჯივ განდის შეხვდა.

1949 წელს ის საბჭოთა-უნგრულ დოკუმენტურ ფილმში „მსოფლიოს ახალგაზრდობაში“ გადაიღეს. 2006 წელს ალმატიში დოკუმენტური ფილმი „აჰ სამარა ქალაქოს“ პრეზენტაცია გაიმართა.

2021 წელს ტელეკომპანია „ხაბარმა“ გამოუშვა ბიოგრაფიული მხატვრული სატელევიზიო სერიალი «Бұлбұл» მომღერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.

2007 წელს გამოიცა როზა ბაგლანოვას ავტობიოგრაფიული წიგნი «Айналайын халқымнан еркелеткен» (ჩემი ხალხის მადლობელი ვარ მათი ალერსისათვის).

როზა ბაგლანოვას შესახებ მრავალი წიგნი და მხატვრული ნახატი გამოიცა, შექმნილია მრავალი პოეტური ნაწარმოები. მისი სახელი ანგლო-ამერიკულ ენციკლოპედია "Who's Who"-შია შესულია ისეთ დიდ ქალბატონებთან ერთად, როგორებიც არიან მარგარეტ ტეტჩერი, ელიზაბეთ ტეილორი და სხვები.

შაკენ აიმანოვის სახელობის კინოსტუდია „ყაზახფილმმა“ გადაიღო დოკუმენტური ფილმი „ჩვენი ვარდი“ როზა ბაგლანოვას შესახებ, რომელიც მომღერლის დიდ კარიერაზე მოგვითხრობს.

ყაზახური ხელოვნების პოპულარიზაციისთვის მას მრავალი წოდება და ჯილდო გადაეცა.

 2021 წლის 23 ნოემბერს, იუნესკოს 41-ე გენერალური კონფერენციის  რეზოლუციით, მიღებულ იქნა 2022-2023 წლების სამახსოვრო თარიღების კალენდარი, რომელშიც ყაზახეთის რეკომენდაციით, რუსეთისა და უზბეკეთის მხარდაჭერით, მომღერალი როზა ბაგლანოვას 100 წლის იუბილე შევიდა. ყაზახეთის რესპუბლიკაში, გამოჩენილი ყაზახი მომღერლის ხსოვნის შესანარჩუნებლად, 2022 წელს მისი 100 წლის დაბადების დღის აღნიშვნის ფარგლებში, დაიგეგმა საიუბილეო ღონისძიებების კომპლექსის ჩატარება ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ.

 

გამოქვეყნების თარიღი

10 მარტი 2022

Жаңарту күні

10 მარტი 2022