ახმეტ ბაიტურსინოვი

ახმეტ ბაიტურსინოვი (Ахмет Байтұрсынұлы) (28.01.1873–08.12.1938) - სახელმწიფო მოღვაწე, მეცნიერი, განმანათლებელი, პოეტი, პუბლიცისტი, ეროვნული მწერლობის რეფორმატორი, ყაზახური ლინგვისტიკისა და ლიტერატურათმცოდნეობის ფუძემდებელი, მე-20 საუკუნის დასაწყისში ყაზახი ხალხის ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

1895-1909 წლებში მუშაობდა მასწავლებლად ქ.აქტობესა და ქ.კოსტანაის რუსულ-ყაზახურ სკოლებში, ხელმძღვანელობდა კარკარალიის საქალაქო სკოლას.

ბაიტურსინოვის პოლიტიკური მოღვაწეობა 1905 წლიდან იწყება. ის არის კარკარალის პეტიციის ერთ-ერთი ავტორი, რომელიც 14500 ადამიანის მიერ იყო ხელმოწერილი. მასში წამოჭრილი იყო ადგილობრივი ხელისუფლების, სასამართლოს საკითხები; ცვლილებები ხალხთა განათლების სისტემაში; სინდისისა და რელიგიის თავისუფლება; გაზეთების გამოცემა, სტამბების გახსნა; ახალი კანონების მიღება.

1909 წლის 1 ივლისს ბაიტურსინოვი დააპატიმრეს და ჩასვეს სემიპალატინსკის ციხეში, ავტონომიური თვითმმართველობის იდეის გავრცელების, რუსებსა და ყაზახებს შორის ეროვნული შუღლის გაღვივების ბრალდებით. მეფის ხელისუფლების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი  ყაზახეთიდან განსახლების შესახებ.

1910 წლის 9 მარტიდან 1917 წლის ბოლომდე ბაიტურსინოვი ცხოვრობდა ორენბურგში. ა.ბოკეიხანოვთან, მ.დულატოვთან ერთად ბაიტურსინოვმა გამოსცა პირველი ეროვნული გაზეთი «Қазақ», რომელიც ეწინააღმდეგებოდა რუსი მიგრანტი გლეხებისთვის საუკეთესო მიწების გადაცემას, აფრთხილებდა მომთაბარე აულებს ნაჩქარევად არ გადასულიყვნენ დასახლებულ ცხოვრების წესზე, აცნობდა მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის მეთოდებს, მოუწოდებდა ხალხის ერთიანობის და აქტიური პოლიტიკური ბრძოლისკენ, წიგნიერების და კულტურული დონის ამაღლებისკენ.

1916 წლის იანვარში ბაიტურსინოვმა მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო დუმას მუსულმანური ფრაქციის შეხვედრაში.

ბაიტურსინოვმა თავისი თვალსაზრისი თებერვლისა და ოქტომბრის რევოლუციებისადმი ხალხის დამოკიდებულების შესახებ ასე ჩამოაყალიბა: „რამდენადაც ყაზახებისთვის გასაგები იყო თებერვლის რევოლუცია, იმდენად გაუგებარი აღმოჩნდა მათთვის ოქტომბრის რევოლუცია. ყაზახებმა ზედმიწევნით გაიგეს პირველი, და სიხარულითაც მიიღეს, რადგან მან იხსნა ისინი მეფეთა ხელისუფლების მხრიდან ექსპლუატაციისა და ჩაგვრისაგან და განმტკიცდა მათში ძველი ოცნება თვითმმართველობის შესახებ.“ ბაიტურსინოვმა ოქტომბრის რევოლუციის მიმართ ყაზახების ფრთხილი დამოკიდებულება საზოგადოებაში კაპიტალისტური ურთიერთობების და შესაბამისი კლასობრივი ფენების არარსებობით ახსნა. ბაიტურსინოვი, ა.ბოკეიხანოვი და მ.დულატოვი არიან პარტია „ალაშის“ და ალაშ ორდას მთავრობის დამფუძნებლები, ყაზახური ეროვნული სახელმწიფო იდეის „მამები“.

1919 წლის მარტში ბაიტურსინოვი გააგზავნეს მოსკოვში საბჭოთა მთავრობასთან მოლაპარაკებებისთვის. იმავე წლის ივლისში ის დაინიშნა სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ.

1920 წელს ბაიტურსინოვმა წერილები მისწერა ვ.ი.ლენინს, სადაც მკვეთრად გააკრიტიკა საბჭოთა ხელისუფლების პირველი ნაბიჯები ყაზახეთში. როგორც ყაზრევკომის წევრმა, აქტიური მონაწილეობა მიიღო ყაზახეთსა და რუსეთს შორის საზღვრების დამყარებაში.

1920 წლის აპრილში ბაიტურსინოვმა განცხადება შეიტანა რუსულ კომუნისტურ პარტიაში გაწევრიანებისთვის, მაგრამ 1921 წელს ის გამოვიდა პარტიიდან ბოლშევიკებთან უთანხმოების გამო. 1920-1921 წლებში ის იყო ყაზახეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახალხო კომისარი. 1922-1925 წლებში ხელმძღვანელობდა ყაზახეთის განათლების სახალხო კომისარიატის სამეცნიერო და ლიტერატურულ კომისიას. სახელმწიფო სამსახურთან ერთად ბაიტურსინოვი ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას: 1921-1928 წლებში ასწავლიდა ყაზახურ ენასა და ლიტერატურას, კულტურის ისტორიას სახალხო განათლების ინსტიტუტებში.

1929 წლის 2 ივნისს, ალმატიში, ალაშ ორდას სხვა წევრებთან ერთად, ბაიტურსინოვი იქნა დაპატიმრებული და გადაყვანილი მოსკოვის ბუტირკას ციხეში. 1930 წლის 4 აპრილს მას ბრალი წაუყენეს კონტრრევოლუციურ საქმიანობაში, ყაზახეთის სტეპში შეიარაღებული აჯანყების მომზადებაში. ბაიტურსინოვს დახვრეტა მიუსაჯეს.

1931 წლის თებერვალში სასჯელი 10 წლიანი ბანაკებით იქნა ჩანაცვლებული, ხოლო 1932 წლის ნოემბერში - სამწლიანი გადასახლებით არხანგელსკში.

1934 წელს ბაიტურსინოვი ვადაზე ადრე იქნა გათავისუფლებული და ის დაბრუნდა ალმატიში.

1937 წლის 8 ოქტომბერს კვლავ დააპატიმრეს. პატიმრობაში ყოფნისას მან გამომძიებლების კითხვას უპასუხა შემდეგნაირად: „ჩემი იდეალი ყაზახი ხალხის კეთილდღეობისა და კულტურის შეძლებისდაგვარად მაღლა აწევაა. რადგან ეს კეთილი საქმე ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, თავს მოვიხრი იმ ხელისუფლების წინაშე, რომელიც ჩემს სურვილს დააკმაყოფილებს.“

1938 წლის 8 დეკემბერს ბაიტურსინოვი დახვრიტეს.

ბაიტურსინოვის პირველი წიგნი «Қырық мысал» ("ორმოცი იგავი") 1909 წელს გამოიცა. მასში ავტორი მკაცრად აკრიტიკებს რუსეთის კოლონიალურ პოლიტიკას, ხელისუფლების თვითნებობას, ძალადობას. ეზოპეს, ლაფონტენის, კრილოვისა და აბაის იგავების ტრადიციული სიუჟეტების საფუძველზე მან შექმნა არაერთი ორიგინალური ნაწარმოები, რომლებშიც იგავის ჟანრმა ეროვნული თვისებები შეიძინა. ბაიტურსინოვის სამოქალაქო იდეა-ოცნება გამოხატულია წიგნში «Маса» („კოღო“, 1911 წ.), რომლითაც უბიძგებს ხალხს ცოდნისა და შრომისმოყვარეობისკენ, ხელი შეუწყონ ხელოვნებისა და  კულტურის განვითარებას. პოეტი მოუწოდებს, უვიცობისგან, გულგრილობისა და დაუდევრობისგან თავის დაღწევას. აბაის საგანმანათლებლო და კრიტიკული ტრადიციების გაგრძელებით და განვითარებით, ბაიტურსინოვმა ყაზახური ლიტერატურა ახალ დონეზე აიყვანა.  

გამოქვეყნების თარიღი

24 თებერვალი 2022

Жаңарту күні

24 თებერვალი 2022